English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილირევაზ ჯავახიშვილი
ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის გამოცდილება

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია ქვეყნის გარე სამყაროს დაბინძურების ფაქტორები, მათი ადგილი და როლი ეკოსისტემის გაუარესებაში. მასში დეტალურადაა გაშუქებული აშშ-ში ეკოლოგიური მოძრაობის ძირითადი ეტაპები და მიმართულებები, მათი დამახასიათებელი ნიშნები და თავისებურებები. ნაშრომში კვლევის შედეგად გამოვლენილია გარე სამყაროს დაბინძურებასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები და ამ მიმართულებით ჯერ-კიდევ არსებული პრობლემები და გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და საშუალებები. ნაშრომში გაკეთებულია დასკვნა, რომ ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაში, ეკონომიკურ-სამართლებრივი პრობლემების გადაჭრასთან ერთად, საჭიროა მისი ეკონომიკის ისეთ დონეზე გადაყვანა, სადაც უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც სათანადო პირობებს შექმნის გარემოს დაბინძურების შემცირებისა და მისი გაჯანსაღებისთვის.

საკვანძო სიტყვები: გარემოს დაბინძურება, ეკოლოგიური პრობლემები, სამრეწველო და სამომხმარებლო ნარჩენები, სითბური ეფექტი, სატრანსპორტო და სამრეწველო გამონაბოლქვი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს,  სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკავია ჩრდილოეთ ამერიკის მატერიკის დიდი ნაწილი,  აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივ-კლიმატური პირობები და მდიდარი ბუნებრივი რესურსები.

ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრის სიუხვე, ერთი მხრივ, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, მათი მაღალი ტემპებით ზრდას შედეგად მოსდევს ბუნებრივი გარემოს დაბინძურება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება. თანამედროვე ეტაპზე აშშ-ის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემებია:

  1. ჰაერის დაბინძურება;
  2. წყლის ხარისხის გაუარესება;
  3. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობის ზრდა;
  4. სითბური ეფექტის გაძლიერება;

გარემოს დაბინძურების აქ ჩამოთვლილი ასპექტები, პირდაპირი შედეგია დედამიწის ეკოსისტემაში ადამიანის უშუალო ჩარევისა. ყველა ისინი, ერთად აღებული, მნიშვნელოვნად აუარესებენ თითოეული ადამიანისა და მთელი საზოგადოების ცხოვრების ხარისხს, იწვევენ უარყოფით გლობალურ შედეგებს პლანეტის მასშტაბით.

ატმოსფეროს გაჭუჭყიანება (ჰაერისდაბინძურება) აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემაა, რომლის ძირითადი წყაროა სატრანსპორტო საშუალებებისა და მრეწველობის ინტენსიური განვითარება. აშშ-ს ლიდერი ქვეყნის პოზიცია უკავია მსოფლიოში საავტომობილო, გემებისა და მანქანათმშენებლობის, სამთო, ქიმიური, ელექტრონული, ფარმაცევტული, კვებისა და მრეწველობის სხვა დარგებში, რაც დიდ გავლენას ახდენს გარემო პირობების გაუარესებაზე. დიდი ოდენობით სამრეწველო ნარჩენები და სატრანსპორტო გამონაბოლქვი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, რომლთაგან გაწმენდა ყოველთვის არ ხერხდება დასაშვები კონცენტრაციის დონემდე, რის გამოც ადამიანი იძულებული ხდება ისუნთქოს გოგირდით, ტყვიით, თუთიითა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი, რაც იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებას.

ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება წყლის სისტემის დაბინძურება. აშშ-ში სასმელი წყლის დანახარჯი ყოველწლიურად შეადგენს 0,5 ტრლნ კუბომეტრს, წყლის უმსხვილესი მომხმარებელია, აგრეთვე, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და კომუნალური მეურნეობა, რომელთა საქმიანობის შედეგად ჩრდილოეთ ამერიკის წყალსადენების 120 ათას კმ-ზე მეტი დაბინძურებულია [7].

ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აშშ-იც სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საწარმოები განლაგებულია მდინარეებისა და წყლის აუზების მახლობლად, რის გამოც ისინი გვევლინებიან წყლის რესურსების დაბინძურების ძირითად წყაროდ. მაგალითისთვის, ნავთობგადა­მამუშავებელი ან მეტალურგიული ქარხანა გამოყენებულ წყალს გაფილტვრის შემდეგ უკანვე აბრუნებს წყალსატევში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩამდინარე წყლის გაფილტვრის ხარისხი ყოველთვის არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებსა და სტანდარტებს, ეკოლოგიურ ნორმებსა და მოთხოვნებს, ხდება დიდი ზომით წყალსატევებისა და მდინარეეების დაბინძურება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩრდილოეთ ამერიკის ხუთი დიდი ტბის რეგიონი, რომელიც ითვლება ქვეყნის ყველაზე დაბინძურებულ წყალსატევად [7]. შეიმჩნევა საზღვაო გარემო პირობების გაუარესება შლეიფის ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების გამო. ასეთ ადგილებსა და დიდი ქარხნების გარშემო წყალსატევებში იღუპება ცოცხალი ორგანიზმები, რის გამოც ამ ადგილებში თევზის ბევრი სახეობა გაქრა და შეწყვიტა არსებობა.

აშშ-ში ძალზე მწვავედ დგას მყარი ნარჩენების გადაყრის პრობლემაც. ამერიკის უმსხვილეს მეგაპოლისებს ნაგავსაყრელებზე გააქვთ ათასობით ტონა მყარი ნარჩენი – პლასტმასის, მინის,  მეტალის, ქსოვილების, ქაღალდის, ცელოფნის პარკების, სამშენებლო და სარემონტო ნაგვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვათა სახით. ქვეყანაში მყარი ნარჩენებისა და ნაგვის რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში შეადგენს 760 კგ-ს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში [6]. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ექვემდებარება სამრეწველო გადამუშავებას და ისიც მაშინ, თუ ნაგავსაყრელი ძალზე დიდი მანძილითაა დაშორებული საქალაქო ცენტრებიდან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მყარი ნარჩენების გარკვეული ნაწილი გადაიყრება მათთვის არაგანკუთვნილ ადგილებში, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყნის ეკოლოგიური დაბინძურების პრობლემებს.

გარემო პირობებზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს სითბურიეფექტიც, რომელიც წარმოიქმნება ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობითა და სათბური გაზების გამოყენებით. სადღეისოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს დაახლოებით 2500 თბოელექტროსადგური, 250-ზე მეტი სანავთობო და 150 ფოლადჩამომსხმელი ქარხანა, ასობით ცელულოზის კომბინატი, რომელთაც აქვთ მასიური თბური გაჟონვები [8]. ამას ემატება ისიც, რომ აშშ არის ატომური ელექტროსადგურების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა. ასეთ სადგურებზე, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ავარიები, რომელთაგან აღსანიშნავია 1979 წელს ტრი-მაილ-აილენდის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტი, რომელსაც, მართალია არ ჰქონდა ჩერნობილისა და ფუკუსიმის მასშტაბები, მაგრამ მან ქვეყანას ნათლად დაანახა, რომ საჭიროა მომავალში ყურადღების გამახვილება არა ატომურ ელექტრსადგურებზე, არამედ უფრო მეტად ქარის, მზისა და ენერგიის მიღების სხვა  ეკოლოგიურ მეთოდებზე.

სითბური ეფექტის შედეგად მნიშვნელოვნად ირღვევა ჩვენს პლანეტაზე წყლისა და ჰაერის ენერგეტიკული ბალანსი. ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს გლობალურ დათბობასა და კლიმატური პირობების არსებით ცვლილებებს, რასაც ხშირად თან სდევს დამანგრეველი ეკოლოგიური და ეკონომიკური შდეგები.

ბუნებრივი გარემო პირობების დაცვის სფეროში ამერიკამ განვლო საკმად ვრცელი და დიდი გზა – ცალკეული სამართლებრივი ნორმატიული აქტებიდან, ურთიერთდამოკიდებულ მრავალდონიან კანონთა სისტემის შექმნამდე. გარემო პირობების დაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შესახებ პირველი სამართლებრივი აქტი გამოიცა პრეზიდენტ რ. ნიქსონის მიერ 1969 წელს, რომლითაც გარემოს დაცვის ფედერალური სამსახურის უწყებას დაეკისრა ეკოლოგიური სტანდარტებისა და ეკოპოლიტიკის შემუშავება და მის რეალიზაციაზე კონტროლი, ბუნებრივ გარემოზე სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების წინასწარი შეფასება და ბუნებისდაცვითი საქმიანობის გრძელვადიანი პროგრამირება. ამ აქტის გაგრძელება და დაზუსტება იყო 1970 წელს გამოცემული მომდევნო  აქტი გარემოს ხარისხის გაუმჯობესების შესახებ. საკანონმდებლო აქტებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია: აქტი სუფთა წყლის შესახებ; აქტი სუფთა ჰაერის შესახებ; აქტი რესურსების დაცვისა და აღდგენის შესახებ; აქტი მომწამვლელ ნივთიერებათა შესახებ და სხვ. [9].

აშშ-ში სახელმწიფო ეკოლოგიური რეგულირება ხორციელდება ფედერალურ და რეგიონულ დონეზე. აშშ-ის კონსტიტუცია არის ქვეყნის ეკოლოგიური კანონმდებლობის საფუძველი, რომელიც მოიცავს ფედერალურ და საშტატო კანონებს, რომლებიც წარმოდგენილია სამ ძირითად ჯგუფად:

  1. ბუნებრივი გარემოს ცალკეული ელემენტების დაბინძურების გამაფრთხილებელი კანონები;
  2. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კანონები;
  3. განსაკუთრებით ფასეული ბუნებრივი ობიექტების დაცვის კანონები.

აშშ-ის კონგრესი იხილავს და ამტკიცებს ბუნებისდაცვითი საქმიანობის სფეროში კანონპროექტებს, ისმენს და აკონტროლებს ეკოლოგიური კანონმდებლობის ცალკეული ასპექტების შესრულების მიმდინარეობას, ამტკიცებს ეკოლოგიის სფეროში დაფინანსების პროგრამებს. 1970 წლიდან აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მოქმედებს გარემოს დაცვის ხარისხისა და ეროვნული პროგრამების კოორდინაციის საბჭო და გარემოს დაცვის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციებია გარემოს დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება, ფედერალური სახელმწიფო პროგრამების, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის სამეცნიერო-პრაქტიკული დაცვის ორგანიზაციის ღონისძიებათა შეფასება; ხმაურთან, რადიაციასა და პესტიციდებთან ბრძოლის ღონისძიებათა კონტროლი. მის შემადგენლობაში შედის, ცენტრალურ ფედერალურ აპარატთან ერთად ქვეყნის 10 უმსხვილეს ქალაქში არსებული რეგიონული განყოფილება ცალკეულ შტატებში არსებული სააგენტოებით.

ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედებს მიწების მართვის ბიურო, ეროვნული პარკების, მიწების, თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვისა და მართვის ბიუროები; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში – ნიადაგის დაცვისა და ტყის სამსახურები; ვაჭრობის სამინისტროში – ეროვნული საოკეანო და ატმოსფერული ადმინისტრაცია, რომელშიც შედის ზღვის თევზების რესურსების სამსახური და სანაპირო ზონის მართვის განყოფილება; იუსიტიციის სამინისტროსსი სტემაში – ატომური მარეგულირებელი კომისია, მიწებისა და აშშ-ის ბუნებრივი რესურსების სამმართველო. ამასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩართულ იქნეს ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ადგილობრივ დონეზე ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრება ჯანდაცვის, კომუნალური მეურნეობის, სატრანსპორტო და საპოლიციო ორგანოებს [20].

აშშ სამართლიანად ითვლება მსოფლიოში ეკოლოგიური მოძრაობის პიონერ ქვეყნად, სადაც შეიძლება გამოიყოს მისი რამდენიმე ძირითადი ეტაპი:

  1. ეკოლოგიური მოძრაობის დაწყებისა და აღმავლობის პერიოდი (1960-70 წწ.) ორი ძირითადი დამახასიათებელი კონცეფციით: პირველი, გულისხმობდა გარემოს მართვაში სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე დაყვანას და, შესაბამისად, საბაზრო მექანიზმების გაძლიერებას, გარემოს დაცვის სფეროში მეწარმეების პასუხისმგებლობისა და ფინანსური დაინტერესების ზრდას. მეორე, პირიქით, სახელმწიფოს თვლიდა ბუნებრივი გარემოს დაცვის მთავარ ინსტრუმენტად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიურ დაცვას შორის წინააღმდეგობის აღმოფხვრა.
  2. 80-90-იანი წლების დასაწყისის პერიოდი, რომელიც ხასიათდება ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების საქმეში, ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოების ბალანსირებული მონაწილეობის პირობებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების როლის გაფართოებით. ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სფეროში განხორციელდა 3 ძირითადი პროგრამა:
  • მოხალისეთაპ როგრამა, რომელიც ეფუძნებოდა გარემოს დაბინძურებაზე საზოგადოებრივი აზრის მორალური გავლენის გამოყენებას, რომელიც აღმოჩნდა ძალზე ეფექტიანი დაბინძურებული ჩამდინარე წყლების შემცირებასა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ორგანიზაციაში;
  • ეკონომიკური რეგულირების ადმინისტრაციული პროგრამა გულისხმობდა დამაბინძურებელი ნივთიერების გადანაყარის (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების დაწესებას სამრეწველო საწარმოებისა და ავტოტრანსპორტისთვის;
  • ეკონომიკური მექანიზმები მოიცავდა საფასო და ფისკალური პოლიტიკის (დაბინძურებაზე უფლების გაყიდვა) ინსტრუმენტებს და ეკოლოგიური პროგრამების სახელმწიფო სუბსიდირებას.
  1. გასულისაუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება მესამეეტაპი, რომლის განმსაზღვრელია გარემოს დაბინძურების კონტროლიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მისი თავიდან აცილების პოლიტიკაზე გადასვლა. აქამდე თუ ამ პროცესში მთავარი როლი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეკუთვნოდა, ახლა იგი ძირითადად სახელმწიფოს დაეკისრა. ამასთან, ამ საქმეში ჩართულ იქნა კერძო მეწარმეობაც.

სავსებით სწორად გავრცელდა აზრი ამერიკელთა შორის იმის შესახებ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხადია, მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონიდან გამომდინარე, აშშ გვევლინება სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ყველაზე მსხვილ მწარმოებელ, მომხმარებელ და, შესაბამისად, ყველაზე დიდი ნარჩენების მქონე ქვეყნად მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, მათი გადამუშავების დონე ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია და საგრძნობლად ჩამორჩება გერმანიისა და იაპონიის ანალოგიურ მაჩვენებლებს [9].

აშშ-ში გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში, დაბეგვრის სისტემასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს დასაშვები დაბინძურების ნებართვების (კვოტების) გაცემის სისტემა, რომელთა დაუცველობის შემთხვევაში კომპანიები მკაცრად ჯარიმდებიან გადაჭარბების პროპორციულად. ამასთან ერთად არსებობს კომპანიებს შორის ამ კვოტებით ვაჭრობის სისტემა, ანუ ვისი ემისიებიც უფრო დაბალია დასაშვებთან შედარებით ან ვინც მზად არის შეამციროს ეს ნარჩენები. გარემოს დაბინძურების შემცირების შესაძლებელი პოტენციალის გამოყენების კვოტირების უფლების შემუშავების მექანიზმმა შესაძლებლობა მისცა ამ სფეროს მკვლევრებსა და ექსპერტებს გაეკეთებინათ დასკვნა, რომ ეს ამერიკული მოდელი შეიძლება გავრცელდეს სხვა ქვეყნებშიც, საერთაშორისო მასშტაბით.

აშშ-ის საერთაშორისო ეკოლოგიური უსაფრთხოების მდგომარეობაში შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება: პირველი მათგანის არსი მდგომარეობს გამწვავებული ეკოლოგიური კრიზისისა და პლანეტის სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემის ნგრევის ბლოკირებაში. ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეების ყურადღების ცენტრში დგას წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნებისა და განვითარებადი ქვეყნების ურთიერთობები;

მეორე მიმართულება ორიენტირებულია პლანეტის არასახმელეთო რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, სადაც ყურადღების ცენტრში დგას მსოფლიოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფა, განახლებადი რესურსების შექმნის სისტემებისა და მექანიზმების დამუშავება და მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, აგრეთვე, ბუნებრივ სისტემებზე ანტროპოგენური დატვირთვის შემცირება;

მესამე მიმართულებაგამიზნულია გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევის ეფექტიანობის ამაღლებაზე, სადაც წინა პლანზე წამოწეულია ორი ასპექტი: საერთაშორისო ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მექანიზმების სრულყოფა და ეკოლოგიური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს მუშაობაში არასამთავრობო გაერთიანებების, ადგილობრივი თემებისა და ცალკეული მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხარჯზე. ნავარაუდევია, რომ ამ გზით უფრო ადვილად მიიღწევა ეკოლოგიური უსაფრთხოება, ვიდრე ტრადიციული სახელშეკრულებო- სამართლებრივი პროცედურებით.

ამერიკელები საჭიროდ მიიჩნევენ განვითარებული ქვეყნების მონაწილეობის გააქტიურებას ბუნების დაცვის საერთაშორისო პროექტებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნულ ბალანსებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, დაბლობებსა და ტყეებში სამრეწველო ნარჩენებისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების აღრიცხვასა და მათ შემცირებას, რამდენადაც ყველაზე მეტად ისინი ითვლებიან ნახშირბადისა და სხვა მავნე ნივთიერებების შთანმთქმელებად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თანამედროვე სიტუაციაში, აშშ-ში ენერგიის დეფიციტის შევსებას ცდილობენ არა ტექნიკური სიახლეების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის გამოყენებით, არამედ უფრო მეტად – ენერგომატარებლების მოპოვების ზრდის ხარჯზე.

აშშ-ში ერთ-ერთ მწვავე პრობლემად ითვლება კლიმატის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ბოლო დროს ფართო დებატების საგნად იქცა. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არსებობს მძლავრი ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ სამრეწველო ნარჩენებისა და ნახშირბადის შემცველი გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულებების აღებას და, რომელიც სარგებლობს დიდი გავლენით ფედერალურ დონეზე. იმავდროულად, ქვეყანაში არის მცდელობა ალტერნატიული რეგულირების საერთაშორისო მექანიზმის შექმნისა, სადაც სათანადოდ ისახება ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები, დაბალანსებული ეროვნული ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესები.

დასკვნა.   აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პირობებში აშშ-ს აქვს სერიოზული მიღწევები გარე სამყაროს დაბინძურებასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამასთან, სადღეისოდ ამ მხრივ ქვეყნის წინაშე დგას მრავალი მწვავე პრობლემა, რომელთა გადასაჭრელად, მათი დაძლევის ეკონომიკურ-სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფასთან ერთად, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ისეთ დონეზე გადაყვანა, სადაც უფრო ფართოდ იქნება  გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც სათანადო პირობებს შექმნის სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების გაფართოებისა და ამ გზით მათი გადანაყარებისა და სატრანსპორტო გამონაბოლქვის შემცირების, ბიოსფეროს დაბინძურებისგან დაცვისა და გაჯანსაღებისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ВВП стран мира: доля стран в мировом ВВП https://fingeniy.com/vvp-stran-mira-dolya-stran-v-mirovom-vvp/
  2. Международная торговля США https://studme.org/54510/ekonomika/mezhdunarodnaya_torgovlya_ssha
  3. От каких экологических проблем страдает США https://musorniy.ru/ot-kakih-ekologicheskih-problem-stradaet-ssha
  4. Промышленность США https://ru.wikipedia.org/wiki/ Промышленность_США
  5. Сельское хозяйство США https://geographyofrussia.com/selskoe-xozyajstvo-ssha/
  6. Экологические проблемы США https://ecoportal.info/ekologicheskie-problemy-ssha
  7. Экологические проблемы США и пути их решения https://ecologanna.ru/ ekologicheskie-problemy/ ekologicheskie-problemy-ssha
  8. Экологическая политика США https://works.doklad.ru/view/pp-RrWIHUKI.html
  9. Экологическая политика США и Канады txtb.ru/23/18.html